პირსინგი პირის ღრუში მრავალი სახის არსებობს, რომელიც საკმაოდ ტრენდულია. თუმცა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც უმჯობესია, სანამ ენაზე ან ტუჩზე პირსინგის გაკეთებას გადაწყვეტთ.
რას იწვევს პირსინგი პირის ღრუში:
- ტკივილი. რა თქმა უნდა, პირის ღრუს პირსინგის გაკეთება მტკივნეულია, როგორც წესი ის ანესთეზიით ( ადგილობრივი გაუტკივარებით) კეთდება. თუმცა ანესთეზიის გასვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დამახასიათებელია ტკივილი. განსაკუთრებით, ენის მიდამოში სადაც ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებაა.
- შეშუპება და ინფექცია. სტერილური გარემო ჯანმრთელ პირის ღრუში არ არსებობს, მასში უამრავი ბაქტერიაა. რომლებიც მონაწილეობენ პირის ღრუს ფლორის შექმნაში, თუმცა ზოგიერთი მაპროვოცირებელი ფაქტორის გამო შესაძლოა, ამ ბაქტერიების ზემოქმედება ჩვენს ორგანიზმზე საზიანოც კი გახდეს. პირსინგი პირის ღრუში ორგანიზმისთვის ერთერთი ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს , თუ ასეთი მოხდა მნიშვნელოვანია სწრაფი ზომების მიღება. მაგალითად საყურადღებოა ენაზე პირსინგის არსებობის შემთხვევაში, თუ დაიწყო ენამ გასიება, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არ მოხდეს სასუნთქი გზების დახშობა.
- ღრძილის, კბილებისა და ლორწოვანის დაზიანება. გავრცელებული ჩვევაა პირსინგის კბეჩა ან მუდმივად ენით თამაში, რაც აღიზიანებს ლორწოვანს და შეიძლება ქრონიკული ტრავმის მიზეზი გახდეს.
- მეტალის მიმართ მგრძნობელობა. ზოგიერთი ადამიანი მგრძნობიარეა მეტალების მიმართ, პირსინგიც შესაძლოა ასეთ მეტალებს მიეკუთვნებოდეს და ალერგიის წყარო გახდეს.
- ნერვის დაზიანება. ენის გახვრეტის შემდეგ, როგორც წესი, აღინიშნება მგრძნობელობის დაქვეითება და მცირე დაბუჟების შეგრძნება. ეს ნერვის დაზიანებაზე მიუთითებს. ძირითდად ეს დროებითია. თუმცა შეიძლება მუდმივადაც გაგრძელდეს და დაზიანებული ნერვული ბოჭკოები ვეღარ აღდგეს. ამ შემთხვევაში გამოიხატება ან გემოს აღქმის დაქვეითება, ან ენის მოძრაობის შეზღუდვა. თუ ენის გახვრეტისას სისხლძარღვები დაზიანდა, დამახასიათებელია ძლიერი სისხლდენა.
- მომატებული ჰიპერსალივაცია (ნერწყვდენა). ენის პირსინგმა შეიძლება გამოიწვიოს ნერწყვის გამოყოფის მომატება.
- ღრძილის რეცესია. ტუჩის ჭიმებზე ( ტუჩის ქვეშ ბუნებრივი ჭიმი, რომელიც უერთდება ღრძილს ცენტრალური კბილების მიდამოში) გაკეთებულმა პირსინგმა შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილის რეცესია, ანუ ღრძილი აიწევს მაღლა გამოჩნდება კბილის ფესვის ქსოვილი, კბილი ვიზუალურად დაგრძელდება და მოიმატებს კბილის მგრძნობელობა.
- ჯანმრთელობის ზოგადი რისკები. პირსინგის გაკეთების წინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ უსაფრთხო გარემო გაქვთ შერჩეული. მნიშვნელოვანია რომ გამოყენებული იქნეს სტერილური ხელსაწყოები. ერთერთი გადამტანი ჰეპატიტის ვირუსის, სხვა ინფექციებთან ერთად, პირსინგიც შეიძლება იყოს.
თუ გადაწყვიტეთ პირსინგის გაკეთება:
- დარწმუნდით რომ პიროვნება, ვინც პირსინგს გაგიკეთებთ, თავისი საქმის პროფესიონალია
- დააკვირდით რომ მხოლოდ სტერილური ინსტრუმენტები გამოიყენონ
- პირსინგის მასალა უნდა იყოს ბიოთავსებადი მეტალი, ოქრო ან პლატინა.
- უმჯობესია მრგვალი, ბურთის ფორმის პირსინგის არჩევა, ნაკლებად ტრავმულია ლორწოვანისთვის.
თუ უკვე გაქვთ პირსინგი:
- თუ შენიშნავთ შეშუპებას, სიწითლეს, ტკივილს ან გაღიზიანებას პირსინგის მიდამოში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.
- აუცილებლად გაასუფთავეთ პირსინგის მიდამო და დაიცავით პირის ღრუს ადეკვატური ჰიგიენა. ყოველი ჭამის შემდეგ გამოივლეთ ანტისეპტიკური სავლები.
- ეცადეთ მოერიდოთ პირსინგის ენით გაღიზიანებას, ან ზედმეტ ტრავმას.
- თუ რაიმე სპორტით ხართ დაკავებული, უმჯობესია თამაშის დაწყებამდე მოიხსნათ პირსინგი, რომ ტრავმის შემთხვევაში არ დაიზიანოთ პირის ღრუ.