parodontiti

პაროდონტიტი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი დაავადებაა:

  • ყოველი 8 ადამიანი 10 დან, 35 წელს ზემოთ აღნიშნავს გარკვეული სახის ჩივილებს ღრძილებთან დაკავშირებით
  • პაროდონტის დაავადებები ევროპის მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს აწუხებს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის პაროდონტოლოგიის, როგორც დარგის და ექიმი-პაროდონტოლოგის არსებობის შესახებ.
  • ღრძილების დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაკარგვა და ზეგავლენა მოახდინოს ზოგადად ორგანიზმზე.
  • პაროდონტის დაავადებებს არ ახასიათებთ ტკივილი ან მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, ყველაზე ხშირი ნიშანია სისხლდენა.

ძირითად შემთხვევებში პაროდონტიტის გამომწვევი არიან პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც ქმნიან კოლონიებს და ნადების სახით გროვდებიან პირის ღრუში. კბილებზე არსებულ ნადებსა და ქვებში მილიონობით ბაქტერიაა, რომლებიც იწვევენ ანთებას.
თავდაპირველად ვითარდება გინგივიტი (კბილის გარშემო არსებული რბილი ქსოვილის ანთება). თუ გინგივიტის მკურნალობა არ მოხდა, პროცესი რთულდება და ვითარდება პაროდონტიტი. ამ დროს იწყება უფრო ღრმა რღვევითი პროცესები, რომელიც გარდა რბილი ქსოვილისა აზინებს ძვალსაც.
თავდაპირველად ჩნდება პათოლოგიური სივრცე კბილსა და ღრძილს შორის ( პაროდონტული ჯიბე), სადაც ბაქტერიების დიდი რაოდენობა თავისუფლად გადაადგილდება და სახლდება. ბაქტერიები თავისი ცხოველმყოფელობის შედეგად იწვევენ ანთებით რეაქციას, რაც იწვევს კბილის საფიქსაციო ძვლის დაშლას. ასეთი პროცესის გაგრძელებას მივყავართ კბილების დაკარგვამდე.

პაროდონტიტს შეიძლება ორგვარი შედეგი ჰქონდეს: მხოლოდ ადგილობრივ დონეზე (მოიცვას მხოლოდ პირის ღრუს) ან ზოგადი (გამოიწვიოს სისტემური ცვლილებები ორგანიზმში).

  • ადგილობრივად პაროდონტიტს შეუძლია გამოიწვიოს: სისხლდენა, ღრძილების შეშუპება , რეცესია (ღრძილის განლევა), ცუდი სუნი პირის ღრუდან, კბილების მორყევა და საბოლოოდ კბილების დაკარგვა, რაც აისახება მეტყველების ,ღეჭვის ფუნქციებსა და ესთეტიკაზე.
  • ზოგად დონეზე, ანუ მთლიანად ორგანიზმისთვის, პირის ღრუში არსებული უამრავი პათოგენური ბაქტერია ნიშნავს, რომ ამ ბაქტერიებს შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის წრეში მოხვედრა და სხვა ორგანოებზე გავლენის მოხდენა. მაგ: ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თირკმელების ქრონიკული დაავადებებისა და რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს. ორსულებში იწვევს ნაადრევ მშობიარობას და მცირე წონიანი ნაყოფის დაბადებას.

როდესაც პირის ღრუში გროვდება დიდი რაოდენობით ნადები , ვითარდება გინგივიტი (ღრძილების ანთება). ღრძილების ანთება, რომ გართულდეს და გადავიდეს პაროდონტიტში, არსებულ მდგომარეობას რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი უნდა დაემატოს:

  • პირის ღრუს არასწორი (ცუდი) ჰიგიენა
  • მოწევა
  • სტრესი
  • ზოგადი დაავადებების ფონზე: არაკონტროლირებადი შაქრის დონე სისხლში, ოსტეოპოროზი, შიდსი
  • ჰორმონული ცვლილებები: ორსულობა, მენოპაუზა
  • იმუნური სტატუსი
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა

პაროდონტიტის ნიშნები:

ნუ დაელოდებით რომ შეგაწუხებთ ტკივილი. პაროდონტიტის ყველაზე გავცელებული სიმპტომია სისხლდენა, ასევე ახასიათებს ჩირქოვანი გამონადენი, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ღრძილების სიწითლე, შეშუპება, ღრძლების განლევა (რეცესია როცა კბილები უფრო გრძელი ჩანს), კბილების გადაადგილება და მარაოსებურად გაშლა, ყველაზე ბოლოს – ტკივილი და კბილების დაკარგვა. ზუსტი დიაგონზის დასმა მხოლოდ ექიმ-პაროდონტოლოგს შეუძლია, სპეციალური ინსტურმენტების (პაროდონტოლოგიური ზონდი) და რენტგენის მიხედვით.

პაროდონტიტის პრევენცია:

საუკეთესო საშუალება, რომ თავი დავიცვათ პაროდონტიტის განვითარებისგან არის სახლის ადეკვატური ჰიგიენა, კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენებით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაგროვდეს კბილებზე ნადები. აუცილებელი პირობაა 6 თვეში ერთხელ ვიზიტი პაროდონტოლოგთან, კონტროლისა და პროფესიული წმენდის ჩატარება, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ღრძილები.