პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებები საკმაოდ გავრცელებულია მოსახლეობაში. ხშირად შეხვდებით მავნე ჩვევებით გამოწვეულ დაზიანებებს, რომლებმაც სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნან მთლიანად ორგანიზმს. ასეთს მიეკუთვნება ენის ტრავმული დაზიანებები და გართულების შემთხვევაში ენის სიმსივნეც.
როგორც წესი, ენის დაზიანებები გამოწვეულია მოტეხილი კბილის ბასრი კიდეებით, ძველი ბჟენებით, დაზიანებული ორთოპედიული გვირგვინებით და სხვა. დიდი ხნის განმავლობაში, უყურადღებოდ დარჩენილი მსგავსი დაზიანებები და ენის მუდმივი ტრავმა იწვევს რბილი ქსოვილების, ქრონიკულ მექანიკურ დაზიანებას.
ხშირად, გაუცნობიერებლად ენა მიისწრაფის დაზიანებული კბილისკენ და მისი მუდმივი ტრავმა ხდება დაავადების გამომწვევი. ენა ის ერთერთი ორგანოა, რომლის უჯრედებიც ტრანსფორმირდებიან სიმსივნურ უჯრედებად ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეშიც კი. ენის სიმსივნის წარმოქმნის მიზეზი კი, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან უმნიშვნელო კბილის დეფექტი შეიძლება გახდეს.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში , ენის სიმსივნეების მკურნალობა მხოლოდ რადიკალური რეზექციული (ენის მოკვეთა) მეთოდით ხდება.
ამიტომ, ძალიან საყურადღებოა, დაზიანებული კბილებისა თუ ბჟენების დროული მოწესრიგება და მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება.