კბილების მგრძნობელობა

ნაყინის მირთმევა ან ცხელი ყავის დაგემოვნება თქვენთვის მტკივნეულია? კბილების გახეხვა არასასიამოვნოა ? თუ ასეა, თქვენ გაქვთ  კბილების მომატებული მგრძნობელობა

შესაძლო გამომწვევი ფაქტორები :

  • ღრძილის დაავადება – რეცესია
  • კბილის გვირგვინის დაზიანება (მოტეხილობა)
  • კბილის კარიესი
  • კბილის მინანქრის პათოლოგიური ცვეთა
  • მინანქრის დაზიანება (სოლისებრი დეფექტი )
  • კბილების ქიმიური გათეთრება
  • კბილების წმენდა

ჯანმრთელ პირის ღრუში, კბილი დაფარულია მინანქრით, ხოლო კბილის ფესვი მოთავსებული ყბის ძვალში და დაფარულია ღრძილით. კბილის შიდა შრეს წარმოადგენს დენტინი, რომელიშიც მიკროსკოპული არხებია. როდესაც ხდება მინანქრის დაზიანება, დენტინი კარგავს დამცველობით შრეს და მისი არხები სხვადასხვა გამღიზიანებლის (ცხელი, ცივი,მჟავა და სხვა) მიმართ ხელმისაწვდომი ხდება, ეს იწვევს მომატებულ მგრძნობელობას.

კბილების მომატებული მგრძონელობის მკურნალობა შესაძლებელია, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ ფაქტორზე.

  • მგრძნობელობის დამაქვეითებელი კბილის პასტები და სავლები – მარტივი და პრაქტიკული გამოსავალია მომატებული მგრძნობელობის დასაქვეითებლად, განსაკუთრებით კბილების ქიმიური გათეთრების შემდეგ.
  • მარემინერალიზებელი გელი – მიკროელემენტების შემცველი გელი, მარტივი გამოსაყენებელია სახლის პირობებში და ეფექტრუად აქვეითებს მგრძნობელობას
  • კბილების ცვეთის შემთხვევაში უმჯობესია ბჟენით ან ორთოპედიული გვირვინით კბილის აღდგენა, იგივე მეთოდი გამოიყენება სოლისებრი დეფექტების დროსაც.
  • კბილების გაწმენდის შემდეგ ხშირია მომატებული მგრძნობელობა, ეს იმიტომ არ ხდება რომ პროფესიული წმენდა აზიანებს კბილებს, არამედ იმიტომ, რომ როდესაც კბილები დაფარულია ბაქტერიული ნადებით, განსაკუთრებით დიდი ზომის ქვებით, კბილის დენტინი მიუღწეველი ხდება ქიმიური გამღიზიანებლებისთვის, კბილები ერთგვარად “შეფუთულია” ბაქტერიული ნადებით. მართალია, ასეთ დროს მგრძობელობა არ აღნიშნება , თუმცა ბაქტერიები დამატებით საფრთხეს უქმნიან კბილებსა და ღრძილებს. ვითარდება ღრძილების ანთება, ამიტომ უმჯობესია პროფესიული წმენდის სისტემატური ჩატარება , თუნდაც მომატებული მგრძობელობის ფონზე, ვიდრე ღრძილის ქრონიკული ანთების ქონა.
  • თუ აღინიშნება ღრძილის რეცესია (ღრძილმა დაიწია და გამოჩნდა კბილის ფესვი) კბილების მგრძნობელობაც იმატებს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია დეფექტის დაფარვა.
  • თუ კბილის მგრძნობელობა არის განსაკუთრებულად  მწვავე და ძლიერი, ხოლო მკურნალობის ყველა მეთოდი უშედეგოა, საბოლოო გამოსავალია კბილის დეპულპაცია, ანუ ნერვის მოკვლა.